Please select a page for the Contact Slideout in Theme Options > Header Options

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქართლის ქარის ელექტროსადგურს სტუმრობდნენ

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქართლის ქარის ელექტროსადგურს სტუმრობდნენ
April 26, 2018 admin

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა თორნიკე რიჟვაძემ და შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა ევროპის კომისიის საკონსულტაციო კომპანიის და ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტის თანადამფინანსებელი ფონდების (FinanceinMotion; Green for Growths Fund) წარმომადგენლებს სადგურის ტერიტორიაზე უმასპინძლეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში ალტერნატიული ენერგიების ათვისების მიმართულებით პირველი პროექტის ფუნქციონირების შესახებ.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ ქართლის ქარის გამომუშავებული ელექტრო ენერგიის საპროექტო და გენერაციის საპროგნოზო მაჩვენებლებს.
ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა. 2017 წლის გამომუშავებამ საპროგნოზოს გადააჭარბა და 87 800 000 მლნ. კვტ/სთ შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. ხოლო წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი 84 000 000 მლნ კვტ/სთ უტოლდება. პროექტის ღირებულების 70%-ის დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა თანადამფინანსებელ ფონდებთან ერთად განახორციელა, ხოლო დანარჩენი 30%-ის მობილიზება მოახდინა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ.
როგორც საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული, ქართლის ქარის ელექტროსადგური დიდი მხარდაჭერით სარგებლობს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების მხრიდან და ამასთან, ხელს უწყობს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებასა და დივერსიფიკაციას. ამასთან, ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი, მისი ფინანსური და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, EMEA Finance-მა (Europe, Middle East and Africa Finance) 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დაასახელა.